logo
შესვლა
|
რეგისტრაცია მთავარი
|
საიტის შესახებ
|
ტექსტური ვერსია
|
Rss/Atom
|
საიტის რუკა
დაუთმეთ დრო თქვენს ჯანმრთელობას!                                                                დაუთმეთ დრო თქვენს ჯანმრთელობას!                                                                დაუთმეთ დრო თქვენს ჯანმრთელობას!
logo

ეფედრონული ენცეფალოპათია
photo                 

როგორ ჩნდება ახალი დაავადებები?
        გასული 50 წელი ხასიათდებოდა ვირუსოლოგიის, იმუნოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, სამედიცინო გენეტიკის და მომიჯნავე დისციპლინების სწრაფი განვითარებით. გაჩნდა ნვეროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები. იმუნოლოგიაში მიღწეული წარმატებების შედეგად დადგინდა ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალი დაზიანების ძირითადი პათოგენეზური მექანიზმები და შეიქმნა ახალი სამკურნალო პრეპარატები. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში შეიცვალა ეპიდემიური მდგომარეობა, გაჩნდა ახალი დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ნერვული სისტემის მძიმე და ზოგჯერ შეუქცევადი დაზიანებით, მაგალითად შიდსი, პრიონული დაავადებები, აღმოჩენილია ნერვული სისტემის ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების გამომწვევი ახალი აგენტები, იდენტიფიცირებულია ახალი გენები. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნევროლოგიურ პრაქტიკაში გახშირდა ნარკომანიით და ტოქსიკომანიით გამოწვეული ნევროლოგიური გართულებები, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ახალგაზრდებში და წარმოადგენს თანამედროვეობის ტრაგიკულ რეალობას. 21 საუკუნეში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფართო გავრცელება ჰპოვა ნარკომანიის სახეობამ, რომელიც უკავშირდება ეფედრონის გამოყენებას, ნივთიერების, რომლის შესაქმნელადაც გამოიყენება ფსევდოეფედრინი (შეიცავენ გრიპის სამკურნალო საშუალებები)და კალიუმის პერმანგანატი. საქართველოში ნარკოტიკის ეს სახეობა 90-იანი წლების ბოლოს შემოვიდა და მისი გამოყენება ბოლო 3-4 წლის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა.

ეფედრონი - დაავადების გამომწვევი მიზეზი
        ქიმიური სტრუქტურით და მოქმედებით ეფედრონი მიეკუთვნება ამფეტამინების ჯგუფს. ეფედრონული ნარკომანია ხასიათდება ფსიკიქური დამოკიდებულების სწრაფი ჩამოყალიბებით, რომელსაც თან სდევს კალიუმის პერმანგანატით (მანგანუმით) გამოწვეული თავის ტვინის ორგანული დაზიანება - ე.წ “ეფედრონული” ენცეფალოპათია. ნარკოტიკში შემავალი მანგანუმის იონები ინექციის შემდეგ ხვდება სისხლში და არჩევითად ილექება თავის ტვინის იმ უბნებში, რომლებიც პასუხისმგებლნი არიან მოძრაობების სისწრაფეზე, პლასტიურობაზე, კუნთების ტონუსზე, სიარულზე, წონასწორობაზე, მეტყველებაზე, ყლაპვაზე, ფსიქოემოციურ სფეროზე.

რა ხდება თავის ტვინში ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ?
       დროთა განმავლობაში თავის ტვინში დალექილი მანგანუმი თანდათანობით გამოდის ორგანიზმიდან, თუმც მანგანუმის მიერ დაზიანებული ტვინის უჯრედები არ განიცდიან აღდგენას და, უფრო მეტიც, დაწყებული პათოლოგიური დაზიანება აგრძელებს პროგრესირებას.
        ეფედრონულ ენცეფალოპათიას ხშირად მოიხსენიებენ „ეფედრონული პარკინსონიზმი“-ს სახელით მანგანუმი ძირითადად ილექება თავის ტვინის იმ უბნებში, რომლებიც ასევე ზიანდება პარკინსონის დაავადების დროს. ეფედრონით გამოწვეული დაავადების წამყვანი სიმპტომები მსგავსია პარკინსონის დაავადების დროს არსებული სიმპტომებისა.

რა სიმპტომები ახასიათებს ეფედრონულ ენცეფალოპათიას? პაციენტების უმეტესობას აღენიშნება მოძრაობების შენელება და სიმცირე; სიარულის შენელება; წონასწორობის მოშლა, წაქცევები (როგორც წესი პაციენტები ვარდებიან უკან), კუნთების დაჭიმულობის მომატება; სახის, ხელის, ფეხის ან სხეულის კუნთების დისტონია - კუნთების უნებლიე და ზოგჯერ მტკივნეული დაჭიმულობა, რაც განაპირობებს უჩვეულო პოზას, შეიძლება გაძლიერდეს ან აღმოცენდეს სხვადასხვა მოძრაობის შესრულების დროს; ხელის ან ფეხის კანკალი; მეტყველების გაძნელება (ლაპარაკი შენელებულია და გაუგებარია), ხმის ტემბრის ცვლილება (საუბარი უფრო ჩუმია, ვიდრე დაავადების განვითარებამდე), უხასიათობა, ზოგჯერ აჟიტირება, უნებლიე სიცილი ან ტირილი; შესაძლებელია იყოს მეხსიერების დარღვევები.

რამდენად დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმე „ეფედრონულ სტაჟზე“? არსებობს მოსაზრება, რომ ეფედრონული ენცეფალოპათიის სიმძიმე დამოკიდებულია ე.წ. „ეფედრონულ სტაჟზე“ (ფსევდოეფედრინის და კალიუმის პერმანგანატის საფუძველზე დამზადეული კუსტარული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ხანგრძლივობაზე). ეფედრონულ ენცეფალოპათიას გააჩნია კიდევ ერთი თავისებურება: დაავადება პროგრესირებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შეწყვეტის შემდეგაც. ასევე ცნობილია, რომ თანაბარი „ეფედრონული სტაჟის“ მქონე სხვადასხვა პაციენტში დაავადებას გააჩნია განსხვავებული სიმძიმის მიმდინარეობა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სხვდასხვა ხარისხის უნარშეზღუდულობას. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები მინიმალურად არის გამოხატული, ნარკოტიკის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ დაავადება ნელა ან საერთოდ არ პროგრესირებს და პაციენტი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად ასრულებს ყოველდღიურ საქმიანობას. სხვა შემთხვევებში კი, დაავადების სიმპტომები მარავალფეროვანია, მნიშვნელოვნად გამოხატულია, ნარკოტიკის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ საწრაფად პროგრესირებს და პაციენტი საჭიროებს მუდმივ დახმარებას და მოვლას.
        ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ ეფედრონი იწვევს ძირითადად ახალგაზრდა შრომისუნარიანი მოსახლეობის ფიზიკურ და სოციალურ დეზადაპტაციას.

რომელი გამოკვლევა გამოავლენს მანგანუმის დაგროვებას თავის ტვინში?
        თავის ტვინში დალექილი მანგანუმი კარგად ჩანს თავის ტვინის ბირთვული მაგნიტურ-რეზონასული ტომოგრაფიის დროს, რომელიც გამოავლენს მაღალი ინტენსივობის სიგნალის მქონე უბნებს, რომელიც სჩანს როგორც ე.წ „ნათება“.

შესაძლებელია თუ არა ეფედრონული ენცეფალოპათიის განკურნება?
        ეფედრონული ენცეფალოპათია ერთ-ერთი სერიოზული და რთულად სამართავი შ დაავადებაა. ძირითადი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ დღესდღეობით არ არის დაზუსტებული თუ რა მექანიზმით ხდება თავის ტვინის ნივთიერების დაზიანება. ამ საკითხის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს.
        აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოღვაწე კოლეგების და ასევე ჩვენს კლინიკაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, ამ ეტაპზე შესაძლებელია დაავადების სიმპტომების შემსუბუქება.

ავტორი: ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი - ნევროლოგი მ.მეგრელიშვილი.